პაპუაშვილი აშშ-ს კობახიძისთვის მიწვევის გაუქმების გამო სტუმარ-მასპინძლობას უწუნებს

პაპუაშვილი აშშ-ს კობახიძისთვის მიწვევის გაუქმების გამო სტუმარ-მასპინძლობას უწუნებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძეს ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევა გაუუქმეს.

პაპუაშვილი ამის გამო აშშ-ს სტუმარ-მასპინძლობას უწუნებს და მიაჩნია, რომ ეს ამერიკელი ხალხის შეურაცხოფაა.

"უბრალოდ არასერიოზულია საერთო ჯამში ასეთი ქცევა და უპირველეს ყოვლისა, ეს ამერიკისა და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფაა, რაც ჩვენ ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან.

მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ რაც უფრო მკვახე და აუხსნელია ხანდახან ასეთი ქმედებები, რაც უფრო მძიმეა გარკვეული ქმედებები, ეს პირდაპირი ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალოდაა ოპოზიციის მდგომარეობა, რომ ასეთი ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, მისცეს სალაპარაკო თემა და ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის.

რამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ", - თქვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღო. ბაიდენი მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს 25 სექტემბერს უმასპინძლებს.