ამერიკის ხმა: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

ამერიკის ხმა: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

ამერიკის ხმის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძი ამოიღო. ბაიდენი მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს 25 სექტემბერს უმასპინძლებს.

როგორც ამერიკის ხმისთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმას ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

აღნიშნულზე ამერიკის ხმასთან საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ "საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს". თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე.

ამერიკის ხმისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და აირჩიე ევროპას წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. გამოცემის ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის, ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, როგორც წესი, მიღებაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ლიდერები, გარდა ისეთი ქვეყნებისა როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.

გასულ კვირაში, ამერიკის ხმისთვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს