პაპუაშვილი აშშ-ს "დემოკრატიის მიმართ ფარისევლურ მიდგომაში" ადანაშაულებს

პაპუაშვილი აშშ-ს "დემოკრატიის მიმართ ფარისევლურ მიდგომაში" ადანაშაულებს

ქართული ოცნება თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე არდასწრებას იმ მიზეზით განმარტავს, რომ იქ ტრიბუნა "რადიკალურ ძალებს" ეძლევათ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გარდა ქართველებისა, კონფერენციაში მონაწილეობს რამდენიმე ისეთი უცხოელი, რომელიც "გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით".

ამ თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა არგუმენტად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მოიყვანა და ამერიკულ ორგანიზაციებს "ორმაგ სტანდარტებში" დასდო ბრალი.

"თუ ჩვენ დავაკვირდებით, ვინაიდან ეს ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები - დღეს ამერიკაში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმის საფუძველზე, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ და სწორედ, აშშ-ის ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტი, ქართველ ორგანიზაციასთან ერთად არიან ორგანიზატორები კონფერენციის, სადაც გამომსვლელებში ჰყავთ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც დადასტურებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის გაყალბდა და რომლებიც დღემდე არ აღიარებენ ამ არჩევნებს.

ამიტომ ეს არის ორმაგი სტანდარტი ამ ორგანიზაციებს მხრიდან, რომ ერთის მხრივ საკუთარ ქვეყანაში არის სამართლებრივი პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ თითქოსდა ის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, საქართველოში ტრიბუნას აძლევენ ზუსტად იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ასეთ კონსპირაციებს ავრცელებდნენ ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით"- თქვა პაპუაშვილმა.

მან აშშ დემოკრატიის მიმართ "ფარისევლურ მიდგომაში დაადანააშაულა".

"დემოკრატიის მიმართ ორმაგი სტანდარტია. ერთი სტანდარტი, რომელიც როგორც ჩანს უნდა მოქმედებს აშშ-ში და მეორე, რომელსაც ფიქრობენ ისინი, რომ უნდა მოქმედებდეს საქართველოში. ერთი მხრივ, თუკი ჩათვლიან, რომ აშშ-ის არჩევნებზე დეზინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულიც კი შეიძლება იყოს, ხოლო საქართველოში ისინი, ვინც ავრცელებენ დეზინფორმაციას ქართულ არჩევნებზე, არათუ სისხლის სამართლის დევნის ქვეშ უნდა იყვნენ, არამედ მათ ტრიბუნას აძლევენ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით. ეს გახლავთ სწორედ ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ."- თქვა პაპუაშვილმა.

დღეს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "პუტინიზმის დამარცხება" გაიმართა, რომელსაც ქართული ოცნებსი წევრები არ ესწრებოდნენ.