პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე: საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება

პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე: საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება

პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, აშშ-ის მიერ მაგნიტსკის სიაში ქართველი მაღალჩინოსნების შეყვანა "უსამართლო გადაწყვეტილებაა". როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ეს თეთრი სახლის წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა.

"ვხედავდით, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, შიგნით, თუ გარეთ, ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილებები აზიანებს, იმ ქვეყნების, თუ ხელისუფლებების რეპუტაციაა, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ", - თქვა პაპუაშვილმა.

აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად.