პაპუაშვილი ამბობს, რომ კინოთეატრებში ლგბტ ინტიმური სცენების ამოჭრა მოუწევთ

პაპუაშვილი ამბობს, რომ კინოთეატრებში ლგბტ ინტიმური სცენების ამოჭრა მოუწევთ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტის პაკეტის წარდგენისას ამბობს, რომ ტელეეთერებიდან და კინოთეატრებიდან ლგბტ ინტიმური სცენების ამოჭრა მოუწევთ.

"ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად, თუ ტელევიზიით გადის რამე ფილმი და თუ იქ არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არ გაშვებული", - ამბობს პაპუაშვილი.

კითხვაზე, შეეხება თუ არა ეს კინოთეატრებსაც, პაპუაშვილი ამბობს, რომ კი.

მისი მტკიცებით, ეს არის "ჩვეულებრივი პრაქტიკა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით". ასევე, აზუსტებს, რომ ცენზურა მხოლოდ კინოჩვენებას შეეხება, მაგრამ არა სხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს.

***

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილმა ჰომოფობიური და პროპაგანდისტული "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონების პაკეტს დღეს დააინიცირებს.

კანონპროექტი 19 კანონისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს.

გარდა ამისა, პაპუაშვილი ამბობს, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს დაწესდება "ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ" და უქმე დღედ გამოცხადდება.

პაპუაშვილმა ჩამოთვალა 8 საკითხი, რომელიც, ამ კანონების მიღების შემდეგ "მოწესრიგდება", კერძოდ:

"ქორწინების საკითხი, როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და კაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები, ის, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება.

შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ შვილად აყვანა, რომელიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები. ამ შემთხვევაში, გვაქვს საუბარი მარტოხელა ადამიანებზე, რომელსაც სურთ შვილად აყვანა.

სქესის შეცვლის ოპერაცია, კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.

სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობაში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისის სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.

პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში, დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მნიშვნელოვანია შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის, ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.

მე-7 შეკრების და მანიფესტაციის საკითხი. დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობისას დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ", - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით.

პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ოცნებას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არ აქვთ. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე კანონის მიღება, რისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებს, მას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავენ.

"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ კონსტიტუციურ კანონპროექტთან ერთად იქნება დაინიცირებული პაკეტი კანონებისა, რომელიც უკვე პრაქტიკულად, მოაწესრიგებს ლგბტ პროპაგანდის საკითხს. სხვათა შორის, საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესშიც იყო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების მხრიდან კითხვები, თუ რა ხდება თავად მოწესრიგების მხრივ კანონების დონეზე და ჩვენ ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას რაც შეეხება, აქ დამოკიდებულები ვართ ოპოზიციაზე, არ ვიცით რამდენად წარმატებული იქნება ამ მოწვევის პარლამენტში კონსტიტუციის ცვლილება და კონსტიტუციური პროექტის კანონის მიღება. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა მომავალ პარლამენტში, რომ ეს ცვლილებებიც მივიღოთ, თუმცა კანონის მისაღებად ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა და ესეც იყო ჩვენი დაპირება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომ ამ პაკეტს აუცილებლად დავაინიცირებდით", - ამბობს პაპუაშვილი.