პაპუაშვილი EU-ის ელჩის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "უადგილოს" უწოდებს

პაპუაშვილი EU-ის ელჩის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "უადგილოს" უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "უადგილოს" უწოდებს.

ელჩმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "საქართველოს იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი, ცალსახად არ უწყობს ხელს ევროკავშირის ნომერ პირველი პრიორიტეტის, დეპოლარიზაციის შესრულებას".

პაპუაშვილის მტკიცებით, ასეთი ტიპის განცხადებები პირიქით, "ხელს უწყობს პრეზიდენტს, მეტად გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ გაღრმავდეს". ის მოუწოდებს უცხოელ პარტნიორებს, "პატივი სცენს მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციას".

"ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უადგილოა, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას. თუ ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე, იმაზე, რომ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები, ქვეყნები სადაც შეიძლება, სადაც კანონის უზენაესობას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც კონსტიტუცია შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი.

...მნიშვნელოვანია, მათ შორის უცხოელი პარტნიორების განცხადებები ამ მხრივ, რომ არ მოხდეს პირიქით, როცა საუბარია ამ დროს პოლარიზაცია დეპოლარიზაციის ჭრილში, პირიქით, პოლარიზაციას ახდენს, როდესაც ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი იჭრება და ითვისებს სხვა ორგანოს უფლებამოსილებას, სწორედ ეს არის პოლარიზაცია და ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, პირიქით, ხელს უწყობს ამ შემთხვევაში პრეზიდენტს, რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ გაღრმავდეს.

განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ მოწყობას. ეს პროცესი აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლო პროცესის სახით და ეს არის ევროპა, ჩვენ ასე გვესმის ევროპა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.