
ოცნების პარლამენტმა მედიის შემზღუდავი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოური ძალისგან ნებისმიერი სახის დაფინანსების მიღება, მათ შორის ფულადი სახსრები და მატერიალური სიკეთეები. ასევე, სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ ფინანსური სარგებლის მიღებაც დაუშვებელი ხდება.
"ქართულმა ოცნებამ" 24 თებერვალს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ორი ცვლილების პაკეტი წარადგინა. პირველი კრიტიკული მედიის საერთაშორისო დაფინანსების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მაშინ როდესაც მეორე პაკეტი კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას აფართოებს, რაც დამოუკიდებელი მაუწყებლებისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის.
ხელისუფლების მტკიცებით, ინერგება ე.წ. ბრიტანული მოდელი, რომელიც ობიექტურ ინფორმირებას უზრუნველყოფს. თუმცა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ცვლილებები გაზეთებსა და ონლაინ მედიას არ შეეხება, თუმცა მათ რეგულირებაზეც შესაძლოა მუშაობა გაგრძელდეს.