ოცნების პარლამენტი MEGOBARI Act-ის საპასუხო განცხადებაშიც დიფ სთეითის კონსპირაციაზე საუბრობს

ოცნების პარლამენტი MEGOBARI Act-ის საპასუხო განცხადებაშიც დიფ სთეითის კონსპირაციაზე საუბრობს

ქართული ოცნების ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ქართული ოცნება MEGOBARI Act-ს კვლავ "საქართველოს სახელმწიფოს, ხალხისა და არჩეული ხელისუფლების უაღრესად მტრულ აქტს" უწოდებს და კვლავ დიფ სთეითის კონსპირაციაზე საუბრობს.

ერთპარტიული პარლამენტი ირწმუნება, რომ MEGOBARI Act ეფუძნება ცრუ ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ საქართველოში არ აღინიშნება დემოკრატიის უკუსვლა, ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის დაბლოკვა და საქართველო არ ამყარებს არასათანადო კავშირებს "რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან".

განცხადებაში ნათქვამია, რომ MEGOBARI Act-ში "ერთი შეხედვითაც იკვეთება მტრული სულისკვეთება" და მოცემულია მტკიცება, თითქოს, ის "ტექნიკურადაც გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს".

ამასთან, საუბარია კონსპირაციაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრას დიფ სთეითი და მისი ინსტიტუტები ცდილობენ - ერთპარტიული პარლამენტი ირწმუნება, რომ დიფ სთეითი "ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა".

განცხადებაში ქართული ოცნება "თავს იქებს" და ირწმუნება, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში "არა მხოლოდ ფუნდამენტური დემოკრატიული პროგრესია, არამედ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს".

განცხადების ბოლოს ერთპარტიული პარლამენტი კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოსადმი "უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებებს და ორმაგ სტანდარტებს" ერთადერთი რამ განაპირობებს - "დიფ სთეითმა საქართველოს ვერ აპატია ის, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა".

ქართული ოცნების პარლამენტი "იმედს გამოთქვამს", რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დიფ სთეითს წარმატებით შეასუსტებს და "გამოთქვამს მზადყოფნას", ითანამშრომლოს აშშ-ის კონგრესთან ყველა საკითხზე, რომელმაც შეიძლება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს.

ქართული ოცნების განცხადება სრულად