
ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებას ქართული ოცნების 83-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავინ მისცა.
10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტში ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს.
ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში ცვლილება - მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში ცვლილებები.
17 მარტს ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატოს.
"ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვამკაცრებთ კანონმდებლობას. [...] ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს, სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია", - თქვა მამუკა მდინარაძემ.