ოცნების დეპუტატის, ბეჟან წაქაძის კომპანიამ სანაპიროს მიმდებარედ ისტორიული კედელი დაანგრია

ოცნების დეპუტატის, ბეჟან წაქაძის კომპანიამ სანაპიროს მიმდებარედ ისტორიული კედელი დაანგრია

ქართული ოცნების დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ თბილისში სანაპიროს მიმდებარედ ისტორიული კედელი დაანგრია.

ისტორიული კედლის უკან წაქაძის კომპანია სასტუმროს აშენებს. მას მშენებლობის ნებართვა მერიაში იმ პირობით მისცეს, რომ ისტორიულ ნაგებობას შეინარჩუნებდა და გაამაგრებდა, თუმცა ოცნების დეპუტატის კომპანიის არგუმენტი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე იყო ის, რომ "კედელი იყო ძალიან დაზიანებული და შემოენგრათ".

თბილისის მერიასთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრი, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი ნაგებობის დანგრევისთვის წაქაძე მხოლოდ მინიმალური თანხით დააჯარიმეს.

"სამწუხაროდ, შენობას სტატუსი არ ჰქონდა, არ იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა თბილისის განაშენიანებისთვის. პროექტი დამტკიცდა 2022 წელს, რომელიც ითვალისწინებდა ფასადის გამაგრებას, რეაბილიტაციას და მის უკან ახალი მოცულობის ჩადგმას. ნებართვა მიიღო ამაზე, თუმცა მალევე, ერთ ღამეში დაანგრია შენობა და დაანგრია მათ შორის, ფასადიც. დააჯარიმეს, თუმცა ჯარიმა მინიმალურია ამაზე. ჯარიმები უნდა გაიზარდოს და ერთხელ 30 წლის განმავლობაში მაინც აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამაზე"- ამბობს თამარ ამაშუკელი.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოკვლევაა დაწყებული.

"მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა.

შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი. მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, დამკვეთმა მომართა არქიტექტურის სამსახურს ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ვინაიდან, წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა.

დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა. მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით"- აცხადებენ უწყებაში.