ოცნებასთან ერთად EU-ში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდებით - კუბილიუსის წერილი ქართველ ხალხს

ოცნებასთან ერთად EU-ში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდებით - კუბილიუსის წერილი ქართველ ხალხს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მოსახლეობას ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ქართველი ამომრჩევლის ხელშია ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც ევროკავშირში გაწევრიენებასა და დემოკრატიის გათავისუფლებას მოიცავს.

კუბილიუსი ვრცელ წერილში ოპოზიციის ერთობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს ერთობა შეინარჩუნონ, რადგან მისივე თქმით, ქართული ოცნება მის ჩამოშლას შეეცდება.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ქართული ოცნების ანტიევროპული ქმედებებისა და პოზიციების გამო შეჩერებულია; ამიტომ, კუბილიუსი ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

"როგორც საქართველოს და მისი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მტკიცე მხარდამჭერი, მინდა მივულოცო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო ინიციატივები. ეს ინიციატივები - განხორციელების შემთხვევაში - დააბრუნებს საქართველოს რეალური დემოკრატიის გზაზე, ოლიგარქიული ტყვეობისგან თავისუფალ გზაზე და ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ახლა ევროკავშირის მიერ შეჩერებულია ქართული ოცნების ანტიევროპული ქმედებებისა და პოზიციების გამო - მთავრობის [გამო].

ამ დროისთვის აშკარაა, რომ ქართული ოცნების მთავრობასთან ერთად ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება. ამიტომ, საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნები, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ქართველი ამომრჩევლისთვის ამ დაბრუნების უნიკალურ და გადამწყვეტ შესაძლებლობად იქცევა. ეს ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი ამომრჩეველი ქართულ ოცნებას ქვეყნის მომავალი ხელისუფლებიდან გარიცხავს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს პროევროპული ოპოზიცია არჩევნებზე უნდა მივიდეს ერთიანი, მკაფიო და შეთანხმებული დღის წესრიგით, თუ როგორ უნდა განთავისუფლდეს ქვეყანა ოლიგარქიული დაპყრობისგან, კრემლის გავლენისგან და როგორ დააბრუნოს ქვეყანა ამბიციურ გზაზე, შესრულდეს ქართველი ხალხის ნება ევროპულ ოცნებაზე. [...]

ოპოზიციური პარტიების ცალსახა განცხადება ქართული ქარტიის ირგვლივ გაერთიანების შესახებ, ნიშნავს მათ პოლიტიკურ ნებას ერთობლივად ეძიონ ერთი და იგივე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზნები: გაათავისუფლონ დემოკრატია ოლიგარქების ტყვეობიდან და დააბრუნონ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მცდელობა არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, რადგან ასე შეიძლება ევროპა გახდეს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდი.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არამარტო გამოაცხადეს პოლიტიკური ერთობა, არამედ აიღეს პასუხისმგებლობა პრაქტიკულად შეასრულონ ეს ერთობა საქართველოს განსხვავებული მომავლისთვის. შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა დადეს პირობა, რომ შექმნიდნენ სამთავრობო კოალიციას არჩევნების შემდეგ, არ ითანამშრომლებდნენ ქართული ოცნების არცერთ ინიციატივასთან და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე. ეს არის ევროპული გზა იმისა, თუ როგორ იქცევიან პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის პარლამენტებში - არჩევნებამდე ისინი ამომრჩეველს ნათლად და გამჭვირვალედ უცხადებენ, თუ როგორ შექმნიან კოალიციას არჩევნების შემდეგ და რა მიზნებს ისახავს ასეთი კოალიცია.

ოპოზიციის ასეთი სერიოზული დამოკიდებულება ერთიანობის დეკლარაციაში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ, დამატებით იმედს აჩენს, რომ ორი გაერთიანებული ბლოკი ასევე ერთგული დარჩება იმ პირობის, რომ არ შეუტიონ ერთმანეთს საარჩევნო კამპანიის დროს და დაიცავენ პოლიტიკური ეთიკის ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება, რადგან სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ყველა ჰიბრიდულ ხრიკს გამოიყენებს, რათა უთანხმოება მოახდინოს ოპოზიციის ერთიანობის დასანგრევად.

ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ აჩვენა, რომ მათ აქვთ საკმარისი გამბედაობა და პოლიტიკური ნება დაიცვან თავიანთი თავისუფლება, დემოკრატია და თავიანთი უფლება ევროატლანტიკურ გზაზე.

ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხისთვის, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა დაეხმარონ თავიანთ ქვეყანას დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პროევროპული ოპოზიცია, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ქართული ქარტია ერთადერთი პოლიტიკური ინსტიტუტები და პოლიტიკური ინსტრუმენტებია, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ქართველ ხალხს ამ ეგზისტენციალური მიზნების მიღწევაში.

მჯერა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ ისტორიულ პასუხისმგებლობაში არ ჩავარდებიან. როგორც სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, ქართველი ხალხი აპირებს ოპოზიციას მანდატი მისცეს, შექმნას საქართველოს ახალი მთავრობა, თუ ოპოზიცია დარჩება ერთიანი ქართული ქარტიის გარშემო და კონსოლიდირებული იქნება იმავე სტრატეგიული მიზნების ირგვლივ: მოუტანონ თავისუფლება ქართულ დემოკრატიას და მოუტანონ თავისუფლება საქართველოს ევროპულ მიმართულებას - თავისუფლება სახელმწიფოს ოლიგარქიული ხელში ჩაგდებისა და კრემლის ჰიბრიდული გავლენისგან.

როგორც ყოველთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, მხარდამხარ, ქართველ ხალხთან და მის ოცნებასთან თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე", - წერს ევროპარლამენტარი ქართველი ხალხისადმი მიმართვაში.