ოცნებამ მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერის ქონა, ნიღბების ტარება იკრძალება

ოცნებამ მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერის ქონა, ნიღბების ტარება იკრძალება

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც აქციებზე იკრძალება პიროტექნიკის, ლაზერების ქონა და ნიღბების გაკეთება.

პაკეტს ქართული ოცნების 82-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას.

​ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის "გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას" ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.