
ქართულმა ოცნებამ ე.წ. "გრანტების კანონში" მორიგი ცვლილებები შეიტანა და დღეს, მესამე მოსმენით, ერთხმად დაამტკიცა.
ირკვევა, რომ ივანიშვილის მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება ისეთი გრანტების განხორციელებაზე, როგორიცაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა - "ჰორიზონტი ევროპა" და "ერასმუს+".
ოცნებამ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები რამდენიმე დღის წინაც შეიტანა.
კერძოდ, ამიერიდან ტექნიკური, საექსპერტო დახმარების თუ ცოდნის გაზიარებისთვის, ივანიშვილის ხელისუფლების თანხმობა იქნება საჭრო.
"პრაქტიკაში გამოიკვეთა დამატებითი საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებს... კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის შესახებ ჩანაწერი. ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე იქნება მიჩნეული გრანტად", - განაცხადა ოცნების პარლამენტის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით კანონში გაიწერება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება მთავრობამ გრანტად მიიჩნიოს.
ჭეიშვილმა ასევე თქვა, რომ არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელიც "თავისი არსით, ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის", შესაბამისად, შესაძლოა მათ განხორციელებაზე ივანიშვილის თანხმობა საჭირო არ გახდეს.