ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდში - არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან არის შემდგარი.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას "ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული"
ამასთან, რეგისტრირებული ცვლილებით უქმდება ცესკო-ში გადაწყვეტილებების მისაღებად წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა და გადაწყვეტილების მიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. კერძოდ, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტით განისაზღვრება:
"თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა".