აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას ეხმაურება.
მისი თქმით, ის და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკულ ძალებზე თავდასხმას არ შეეგუებიან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ქვეყანა ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა შეერთებული შტატები დაიცვას.
"მე და პრეზიდენტი ამერიკულ ძალებზე თავდასხმას არ შევეგუებით. ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, რათა შეერთებული შტატები, ჩვენი სამხედროები და ჩვენი ინტერესები დავიცვათ", - აცხადებს ოსტინი.
გუშინ, იორდანიაში, აშშ-ის ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს.
ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან ოფიციალურ თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.