უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღება, თუმცა, "ეს შანსი ხელიდან გაუშვეს".
"ჩვენ ვერ მოვახერხეთ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირის და NATO-ს მომავალი წევრის პერსპექტივა", - თქვა უნგრეთის პრემიერმა.
ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინა უნდა დარჩეს "ბუფერულ ზონად" რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით
"მოსწონთ თუ არა უკრაინელებს, უკრაინა არის იქ, სადაც ის რუკაზეა. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას.
რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა", - თქვა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება. მისი თქმით, აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სიტუაცია მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რომ შესაძლებელი გახდეს მოლაპარაკებების წარმართვა.