უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის 24 ივნისის აჯანყებას რუსეთში "უმნიშვნელო მოვლენას" უწოდებს.
"ვერ ვხედავ ამ მოვლენაში დიდ მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნის დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ რაც ხდებოდა რუსეთში, არ არის მნიშვნელოვანი", - ამბობს ორბანი.
უნგრეთის პრემიერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შაბათ-კვირას რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ "დასუსტებულად არ მიიჩნევს".
"თუ ვინმე ვარაუდობს, რომ ის [პუტინი] შეიძლება დამარცხდეს ან ჩაანაცვლონ, მაშინ მათ არ ესმით რუსი ხალხისა და რუსული ძალოვანი სტრუქტურების", - აცხადებს უნგრეთის პრემიერმინისტრი.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.