პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი II მოსმენით დაუჭირა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
კვიჟინაძე ასევე ირწმუნება, რომ ამ ცვლილებების მიზანი "მეტი გამჭვირვალობა და მეტი მონიტორინგია".
"რა არის ცუდი იმაში, რომ ოფშორიდან გადმოვა და საქართველოში შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული. ამაში ცუდი რა არის?", - ამბობს კვიჟინაძე.
ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ დასანქცირების გზაზე დგას და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ოცნებამ კანონის მიღება.
"პუტინის, პეტრუშოვის, ლავროვის, ყველა თქვენი უფროსის კაპიტალი არის ოფშორებში და არის დასანქცირებული და ბიძინა ივანიშვილმა რომ იცის, რომ მათ გზას დაადგა მისი კაპიტალიც, ამისთვის გაღებინებთ დღეს ამ კანონს. ხშირად გვესაუბრებით იმაზე, რომ ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი ქართველი ხალხის და ახლა იღებთ კანონს, რომ ქართველი ხალხი გაძარცვოს მორიგ ჯერზე.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბიძინა ივანიშვილს, გამოაქვეყნოს, მის მიერ შექმნილმა ბიზნესმა რა გადასახადები გადაიხადა ბიუჯეტში, რაც ქართველ ხალხს გამოადგა და აღმოჩნდა, რომ ახლა საერთოდ კანონს ცვლის, რომ საერთოდ არ გადაიხადოს, რისი შემოტანაც აქ უნდა. ეგ არის ამ კანონის დანიშნულება", - თქვა სამადაშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.