ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს ხვდებიან. საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთი, ასევე, ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, შეხვედრას არ დაესწრება ქართული ოცნება. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 13-14 მაისი ვიზიტისთვის კარგი დრო არაა, რადგან ამ პერიოდისთვის რუსული კანონის მიღებას აპირებენ და "საგნობრივი" მსჯელობა ვერ შედგებოდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც.

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზში შესვლა ვერ მოასწრეს.

იმ პერიოდში სანამ უმრავლესობის დეპუტატები კომიტეტის დარბაზში იკრიბებოდნენ, ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დილის რვა საათისთვის დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევდათ.

მოგვიანებით, შიდა ეზოში, შესასვლელ კარებთან სახანძრო მანქანა დააყენეს, რათა კამერებს მმართველი გუნდის გადაადგილება ვერ დაეფიქსირებინათ.

მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქალაქეს.