რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონში გზა ჩამოიშალა და მოძრაობა პარალიზებულია.
გზების დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე გზა ბზარების გაღრმავების გამო, ხელოვნურად ჩამოშალეს და მოძრაობას აღადგენენ. ამასთან, დეპარტამენტი ირწმუნება, რომ შემთხვევა არ უკავშირდება ახალ გზას, საუბარია შიდა სახელმწიფოებრივ მონაკვეთზე.
"მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში.
დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, გზის ჩამოშლის შესახებ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი საკრებულოს წევრმა გაავრცელა.
ჩამოშლილი გზის აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.