ომის ვეტერანი რიჟვაძეს: როგორ ბედავს და ამბობს, რომ ხართ ლაჩრები, თვითონ სად იყო 2008 წელს?

ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა ჩვენი, როგორც ომის ვეტერანებისთვის და ვითხოვთ, როგორც ქართველს ვთხოვთ, არ აქვს მორალური უფლება ელემენტარულად, რომ გააგრძელოს ამ თანამდებობაზე ყოფნა. ახლა რომ ამ თანამდებობაზე ზის, კოსტიუმი აცვია და ხელფასს იღებს, ზუსტად იმ ბიჭებს დამსახურებაა, ვინც თავი შესწირეს 2008 წელს, იმ ბიჭების, ვინც აქ დგას და როგორ ბედავს და ამბობს, რომ ხართ ლაჩრები.

მე კითხვას ვსვამ, საჯაროდ, სად იყო 2008 წელს თორნიკე რიჟვაძე? მაგალითად, ბესო ქათამაძე იყო 19 წლის, მე ვიყავი 21 წლის, როცა ვომობდი, სად იყო თვითონ? გაგვცეს პასუხი, ჩვენ თუ ლაჩრები ვართ, თვითონ რომ იყო ვაჟკაცი ბიჭი, სად იყო? მე მინდა, იმ ხალხის სახელით, იმ ოჯახის სახელით, ჩვენი, ომის ვეტერანების სახელით, მოიხადოს ბოდიში.

ვინც არ უნდა ყოფილიყო მაშინ პრეზიდენტი, ქვეყნის ლიდერი, ჩვენ ვიომებდით. თუნდაც ახლა რომ შემოვიდნენ რუსები, ყველა მზად არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუდგეს გვერდით და იომოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკას, ვართ სამხედროები და ვთხოვთ, რომ ბოდიში მოიხადოს, კატეგორიული ბოდიში მოიხადოს, თუ არადა, გადადგეს თანამდებობიდან.

და ბოლოს, ომს გმირები ეწირებიან და თორნიკე რიჟვაძის მსგავსი ტიპები მართავენ ქვეყანას.

ამბობს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, არჩილ ჯაფარიძე. დღეს აგვისტოს ომის ვეტერანებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა, მისგან ბოდიშის მოხდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, გადადგომა მოითხოვეს, თუმცა რიჟვაძე მათ არ შეხვდა.