ომბუდსმენი: სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ პოლიტიკის განსაზღვრაში

ომბუდსმენი: სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ პოლიტიკის განსაზღვრაში

სახალხო დამცველი ეთნიკური საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არც სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო და არც სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს.

ომბუდსმენის მტკიცებით, სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განსაზღვრაში, განხორციელებულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

"აღსანიშნავია, რომ არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო“ და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო“ არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს. ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი და მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა, სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განსაზღვრაში, განხორციელებულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე და ამ მიზნით ყოველწლიურად სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, რეგიონულ თუ ცენტრალურ დონეზე, შეხვედრებს მართავენ, როგორც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან, ისე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპარატის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები აისახება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

სახალხო დამცველი და მისი აპარატი გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაზე მუშაობს", – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო 7-მა წევრმა დატოვა. მიზეზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბჭოს საქმიანობის ჩიხში შესვლა და მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ვერ შესრულებაა.