სახალხო დამცველი ბექა გრიგორიადისის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ომბუდსმენის შეფასებით, 1-ელ ივნისს, პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები "სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით" წაართვეს.
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 28 მაისის შემდეგ თვალს ადევნებს საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბექა გრიგორიადისის მიერ დაწყებულ უწყვეტ პროტესტს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა გრიგორიადისი 2023 წლის 1 ივნისს, აქციის მიმდინარეობისას, კარვის გაშლის დროს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ უფლებას, ადგილზე, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით, კარავი განეთავსებინა.
მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პოზიციის სისწორეს ადასტურებს, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება. განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე.
ამავდროულად, 1 ივნისს, მედიის საშუალებით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მშვიდობიანი შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები წაართვეს, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, რაც არ მოდის შესაბამისობაში სამართალდამცავთა ვალდებულებასთან, ხელი შეუწყონ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა"- ნათქვამია განცხადებაში.
1-ელ ივნისს პარლამენტთან მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი კარვის გაშლის დროს დააკავეს.
ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გრიგორიადისი კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.