სახალხო დამცველი ევოლუშენ ჯორჯიას თანანშრომელთა გაფიცვას ეხმაურება და დამსაქმებელს შრომითი უფლებების განუხრელი დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
აპარატის ცნობით, ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შრომით ურთიერთობასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გაფიცულთა შორის ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან, რომლებისთვისაც დაზღვევის სერვისით სარგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
"საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ონკოპაციენტებისთვის, ორსულებისთვის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძო სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის მიუხედავად, სახელმწიფო, ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბაზისო სამედიცინო სერვისებზე წვდომას. იმ შემთხვევაში, თუ ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცულ თანამშრომლებს შეეზღუდებათ საყოველთაო პროგრამის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა, საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს გაფიცული თანამშრომლების საკითხი, მათი მომართვის საფუძველზე.
ვინაიდან, ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომელთა გაფიცვა თითქმის ორი კვირაა გრძელდება, არსებობს საფრთხე, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებს იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება წარმოეშვათ, რასაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მოქმედების პირობებში მიიღებდნენ. ამან შესაძლოა, რისკის წინაშე დააყენოს გაფიცულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, კიდევ უფრო გაზარდოს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს ევოლუშენ ჯორჯიას ხელმძღვანელობას - აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან; ასევე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად, რათა დროულად მოხდეს დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებზე წვდომის აღდგენა", – ნათქვამია განცხადებაში.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ევოლუშენი ათავისუფლებს თანამშრომლებს, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ. გავრცელებულ სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.
ევოლუშენის 4000-ზე მეტი თანამშრომელი ამ დრომდე გაფიცულია. ისინი ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.