ომბუდსმენი: აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი

ომბუდსმენი: აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი.

"სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

***

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

დაკავებულთა შორისაა კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, ცოტნე კობერიძე.

სპეცრაზმი, გარდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა, რესპუბლიკის მოედანზეც მობილიზებულია - ისინი მომიტინგეებს აკავებენ და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.