გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ჰებეშტრაიტის ცნობით, შოლცმა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.
ამასთან, ცნობილია, რომ პუტინთან საუბარში შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ მზადყოფნას იმდენ ხანს გააგრძელოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენიც საჭირო იქნება.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან გერმანიის კანცლერის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტის იზოლაციას შეამცირებს და უკრაინაში მიმდინარე ომს გაახანგრძლივებს.
Reuters სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შოლცმა წინასწარ აცნობა ზელენსკის, რომ პუტინთან საუბარს აპირებდა, თუმცა ზელენსკიმ გააფრთხილა, რომ ეს ზარი პუტინს იზოლაციის შემცირებაში დაეხმარებოდა.
"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება პუტინს, შეამცირებს მის იზოლაციას. პუტინი არ ეძებს რეალურ მშვიდობას, მას სურს შესვენება. საუბარი პუტინს მისცემს შესაძლებლობას, შეცვალოს სცენარი და გააგრძელოს ომი. ეს არ მოიტანს მშვიდობას, რადგან პუტინი გაიმეორებს ტყუილებს, რომლებსაც წლებია, ამბობს და იგრძნობს, რომ ის აღარ არის იზოლირებული", – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.