ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 21 იანვარს საქართველოს მოქალაქე კახა მურადოვი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სამშობლო ღალატი" და "ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა" და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის თანახმად, თავად კახა მურადოვმა ბრალი არ აღიარა.
ე.წ. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ კახა მურადოვი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეა. გასულ წელს მისი დაკავების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც აქვს.
კახა მურადოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო, სადაც ის "ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე" საუბრობდა.
"მურადოვის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დროს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მიუთითებდა მის მონაწილეობაზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში. მურადოვი ცდილობდა აფხაზეთში მცხოვრებლების ჩართვას ფარულ სამუშაოებში, მათი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე. კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელებს არ ასახელებდა", - წერდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ასპნიპრესი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მურადოვს, სავარაუდოდ "კონტაქტები ჰქონდა დამყარებული საქართველოს სახელმწიფოს საბჭოს ე.წ გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფება "მხედრიონის" წევრებთან, ასევე, სამხედრო ოპერაციებში მონაწილე ქართული ლეგიონის დაქირავებულებთან, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ".
"მურადოვს დავალებული ჰქონდა რუსეთიდან აფხაზეთში შემოსული მატარებლების მონიტორინგი, რათა გაერკვია, ხდება თუ არა ჯავშანტექნიკის ან სხვა სამხედრო ტექნიკის გადატანა", - წერდა აპსნიპრესი.
კახა მურადოვის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზე საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.