ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. თანამდებობა დატოვა დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრ ანკვაბმაც.

"სტაბილურობისა და საკონსტიტუციო წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ვაცხადებ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ბჟანიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერა ხელი.

შეთანხმების თანახმად, რომელსაც მხარეებმა მოაწერეს ხელი, ბჟანია გადადგება, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც სამთავრობო შენობების კომპლექსსა და მის ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი, 19 ნოემბერს დაიშლებიან: "ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას უკან წაიღებს".

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ბჟანიას გადადგომის განცხადებას სამშაბათს განიხილავს. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. დე ფაქტო პრემიერის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა.

ბჟანიას გადადგომას წინ უძღოდა მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები. 15 ნოემბერს რუსულ-აფხაზური "საინვესტიციო შეთანხმების" მოწინააღმდეგეებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის ღობე ჩამოიღეს და ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ დე ფაქტო პარლამენტის შენობა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს. პროტესტის ფონზე დე ფაქტო პარლამენტმა გააუქმა სესია, სადაც საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება უნდა განეხილათ, ხოლო მოგვიანებით ბჟანიას ოფისში განაცხადეს, რომ დოკუმენტს უკან გაიწვევდნენ.