საქართველო, რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს გლოვობს - თამაზ გინტური, დღეს, სოფელ კირბალში, მშობლების გვერდით იმ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებს, ეს ტერიტორია მავთულხლართებით არ შემოუღობავთ, აქ ადგილობრივები მაინც შიშით დადიან და არ იციან როდის დაესხმება თავს შეიარაღებული სამხედრო. სოფელში, სადაც თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი წევრი მაინც ჰყავთ სხვადასხვა დროს, ოკუპანტებს გატაცებული, ქართული პოლიცია მხოლოდ გინტურის მკვლელობის შემდეგ გამოჩნდა, თუმცა არავინ იცის რამდენი ხნით. უკვე დიდი ხანია, სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ოკუპანტების პირისპირ მარტო არიან დარჩენილი და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ. ამას ჰყვებოდა შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში, თამაზ გინტურიც, როცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, შაბათის ფორმულამ რეპორტაჟი მოამზადა. თამაზ გინტურის ოჯახი, ახლა მკვლელების დაკავებას და ქართული მხარისთვის გადმოცემას ითხოვს. მათი ვინაობა ხელისუფლებისთვის უკვე ცნობილია.