ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი თემურ კარბაია გალში ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მოძრაობა აფხაზეთისთვის ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის ცემის შედეგად დაიღუპა.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
სუს-ში ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ ადასტურებენ მისი უკანონოდ დაკავების მცდელობას.
მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ელემენტარულ უფლებებს სასტიკად არღვევს.
ფორმულას ინფორმაციით, გალში მოკლული საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის განყოფილების 10-მდე თანამშრომელი. მათ შორის, ე.წ. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.