პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოძრაობა აფხაზეთისთვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციამ საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას სცემა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
პრეზიდენტის თქმით, ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ელემენტარულ უფლებებს სასტიკად არღვევს.
"ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა. (მომხდარი) ტრაგიკული შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებები უხეშად ირღვევა. სამწუხარო 75-ე წლისთავი", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მოძრაობამ აფხაზეთისთვის გუშინ, 9 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გალის მილიციამ გალის მკვიდრი, თემურ კარბაია ცემით მოკლა.
"ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. მილიციამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დააკავა ეს ადამიანი, სასტიკად სცემა და როცა მიხვდნენ, რომ სიკვდილის პირას იყო მისული, შეეცადნენ მის გადარჩენას და წაიყვანეს სოხუმში. მაგრამ, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა", - აცხადებს მოძრაობის წარმომადგენელი ნუკრი ნოდია.