სამეგრელოში, ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს სახელისუფლებო მედიის, POSTV-ის გადამღები ჯგუფი თავს დაესხა.
გუგუჩია არის იმ მაღაზიის მეპატრონე, საიდანაც ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მას კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა. რის შემდეგაც იგი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა, სადაც უთხრეს რომ "ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა".
ვიტალი გუგუჩიას თქმით, პროპაგანდისტი ჟურნალისტი ჟურნალისტი, ნათია ბერიძე მას ვიქტორ ჯაფარიძესა და თბილისში, მის მაღაზიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა და ამასთანავე, სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულების ჩადენას აბრალებდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ძალიან დიდი პროვოკატორები იყვნენ, მაინც წამომაგეს პროვოკაციაზე და ვუთხარი, რომ არსად დავმალულვარ და ყოველთვის ვარ იქ, სადაც საჭიროა. ნათია ბერიძეს არანაირი კითხვები არ ჰქონდა ჩემთან, პირდაპირ მეუბნებოდა, რომ თქვენ ხართ კოხტა კოდუას და მეგის ქარდავას ხელის ბიჭიო, რომლის საქმეებს კერავდა, ხალხს აწამებდა და ადამიანი, რომელმაც ილია ჩაჩიბაიას სცემა. ოპერატორსაც, უწმაწური სიტყვით, ვუთხარი წასულიყო, რა დროსაც დააგდო კამერა და წამოვიდა ჩემკენ, მეც გავეცი პასუხი. ორჯერ თუ სამჯერ გამოიწია ჩემკენ", - თქვა მან.
თავდასხმის შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.
ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ეს ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან ერთგვარი შურისძიებაა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი POSTV-ის ერთ-ერთი მფლობელია.
გარდა ამისა, გუგუჩიების ოჯახში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებენ, რადგანაც ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ.