დეპუტატი ბექა ოდიშარია უზენაესის ორ მოსამართლეს, რომლებიც ე.წ. ვეტინგზე სასამართლოს განცხადებას არ იზიარებენ, ურჩევს "კეკლუცობას თავი დაანებონ", წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისინი თავად არ არიან კეთილსინდისიერნი.
საუბარია მოსამართლეებზე ეკატერინე გასიტაშვილსა და ნინო ბაქაქურზე.
"აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს, რომ მე როგორც პარლამენტის წევრსა და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს, რომ შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან. მაგრამ ამ ორ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, რომ მათაც დაანებონ კეკლუცობას თავი, რადგან არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა. შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება მგელმა შეჭამოს, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები, ხომ იცით, როგორც ხდება?" - განაცხადა ოდიშარიამ.
უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმებიან.
ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა.
ბაქაქურმა გამოცემას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება განცხადების გავრცელების შესახებ, რომელშიც ევროკომისიის მოწოდებაზე შეშფოთებაა გამოთქმული, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი და ეკატერინე გასიტაშვილის მხარდაჭერა არ ჰქონია და მოსამართლეებმა საკუთარი პოზიციები დეტალურად განმარტეს პლენუმის სხდომის ოქმში.
11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა "მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".