ოდესაში ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შენობა დაზიანდა - ოკუპანტებმა ოდესას 5 ნოემბერს შეუტიეს, დაშავდა, სულ მცირე, 5 ადამიანი.
როგორც ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ტელეგრამზე წერს, ოდესის ხელოვნების მუზეუმს 6 ნოემბერს 124 წელი უსრულდებოდა, ხოლო ოკუპანტებმა უკრაინას ასე "მიულოცეს" ეს თარიღი. მისი თქმით, დაზიანებულია შენობის კედლები, ჩამსხვრეულია რამდენიმე მინა.
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის რეგიონში რუსულმა ჯარებმა Kh-31P ტიპის რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და დაშავდა სამი თანამშრომელი. მათივე განცხადებით, აფეთქების ტალღამ მიმდებარე შენობებიც დააზიანა.