ნიუ-იორკში, საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ნინო სახვაძემ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა და მოქალაქეებს აშინებდა, რომ თითქოს ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში, მათ ამერიკიდან გამოაძევებენ - ახლა პოსტი წაშლილია და აღარ იძებნება.
აღსანიშნავია, რომ სახვაძის Facebook-გვერდზე ქართული ოცნების მხარდამჭერი, პროპაგანდისტული მრავალი პოსტი იძებნება.
საარჩევნო უბის თავმჯდომარის მუქარის შემცვლელ პოსტთან დაკავშირებით ცესკო-ში საჩივარი უკვე შევიდა - ამას კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაბათის ფორმულას ეთერში ადასტურებს. კალანდარიშვილის თქმით, პოსტთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარდება.
"მინდა დავადასტურო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, შემოსულია განცხადება-საჩივრები და რა თქმა უნდა ჩვენ, კანონით განსაზღვრულ ვადებში ჩავატარებთ შესაბამის წარმოებას და კანონის დარღვევის შემთხვევაში გვექნება სათანადო რეაგირება.
მაგრამ მეორე ნაწილი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ესეთი ერთი, ორი, სამი იზოლირებული შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული კანონის დარღვევის შემთხვევები, დადასტურებული არის თუ არ არის, ხდება ხოლმე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან მისი განზოგადება, თითქოს ის რომ ერთი თუ ორი, თუ სამი, ოთხი, მნიშვნელობა არ აქვს, მცირე შემთხვევებზე მაქვს საუბარი, ასეთი შემთხვევების განზოგადება, რომ თითქოს 51 000 ადმინისტრატორი, ერთი ქოლგის ქვეშ დგას...
არ უნდა დაგვავიწყდეს ის შემთხვევა, რომელიც თუნდაც რომ დადასტურდეს ეს დარღვევა, რამდენად ამ ყველაფერს ექნება გავლენა არჩევნებზე", - თქვა კალანდარიშვილმა შაბათის ფორმულას ეთერში.