ნეთანიაჰუ: ჰამასის წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა

ნეთანიაჰუ: ჰამასის წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა.

"ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება. გამარჯვების გზაზე ვართ და სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ, არ გავჩერდებით. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით.

ჩვენ გვყავს ჯარი და გმირი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენს ხალხს იცავენ", - თქვა ისრაელის პრემიერმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.