კიდევ ერთი მოსამართლე, ეკა არეშიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს საჯაროდ ემხრობა.
"ნებისმიერმა მოსამართლემ უნდა შეძლოს კეთილსინდისიერების ტესტის გავლა" - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ფორმულას განუცხადა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზადაა, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს. ევრორეკომენდაციით კი საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც სისტემაში იკავებენ წამყვან პოზიციებს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, ასევე სასამართლოების თავმჯდომარეები. დაახლოებით 60 პირი.
"მიმაჩნია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის პროგრესულ მომავალთან. ნებისმიერმა მოსამართლემ უნდა შეძლოს კეთილსინდისიერების ტესტის გავლა, ეს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ძირითადი კრიტერიუმია, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ შემოწმებისთვის. მნიშვნელოვანია, თავად პროცესი იყოს გამჭვირვალე და მაქსიმალურად ობიექტური", - ამბობს არეშიძე.
11 მარტს, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმებიან.