თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის ქუჩებსა და მეტროსადგურებში იმ პლაკატების გაკვრაზე, რომლებზეც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი სიძულვილის ენის შემცველი და ცილისმწამებლური ფრაზებია გამოყენებული, მერიას ნებართვა არ გაუცია.
კალაძის თქმით, ხშირად ხდება, მათ შორის, კანონსაწინააღმდეგო ბანერების გაკვრა და ამ შემთხვევაშიც მერიის სამსახურები მათ ჩამოხსნიან.
"ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული და ვერ იქნებოდა, შესაბამისად, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე სხვადასხვა სახის პლაკატების გაკვრა, რაც შეიძლება იყოს კანონსაწინააღმდეგო, ამას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება ხოლმე რეაგირება, ხდება აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნა ჩვენი შესაბამისი სამსახურების მიერ და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც" - განაცხადა კახა კალაძემ.
პლაკატები წარწერებით, "მოღალატე ჯაშუშები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები", რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, დღეს თბილისის არაერთ ქუჩასა და მეტროსადგურში გამოჩნდა.