რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, წარადგინა რუსეთისა და ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების ინიციატივა.
ჯგუფი საერთაშორისო ლიდერებს სთავაზობს, რუსეთის ნავთობზე ფასის ჭერი 25%-ით შემცირდეს, ასევე გაიზარდოს სანქციები რუსეთის ნავთობის, გაზის კომპანიებისა და ბანკებისთვის, ევროპაში რუსულ ლითონებისა და ბრილიანტების იმპორტზე დაწესდეს ემბარგო და მნიშვნელოვნად გაფართოვდეს სანქცირებულ პირთა სია.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე ერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო ჯგუფი ამავე დოკუმენტით საერთაშორისო ინსტიტუციებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც რუსეთიდან საქონლის იმპორტს გულისხმობს.
ამის მაგალითად კი ჯგუფს თბილისის მაგალითი მოჰყავს, როცა მერიამ თბილისის მეტროსთვის ვაგონები რუსული კომპანიისგან იყიდა.
"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფული, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს მთავრობას გადასცა, გამოყენებულ იქნა თბილისის მეტროსთვის მოძრავი შემადგენლობის რუსეთში შესაძენად. იმისთვის, რომ არ მოხდეს დემოკრატიული სახელმწიფოების ინსტიტუტების გამოყენება მომავალი რუსული აგრესიის დასაფინანსებლად, ჩვენ ვთავაზობთ ყველა მრავალმხრივ კრედიტორს და განსაკუთრებით მსხვილ ევროპულ ინსტიტუტებს, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი - ომის პერიოდში აკრძალონ მათი სახსრების გამოყენება რუსეთში საქონლის შესყიდვისთვის" - წერია დოკუმენტში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჩერება ფრონტზე მეომრების გარდა "სანქციებითაა შესაძლებელი, რომლებიც მუდმივად უნდა ძლიერდებოდეს".
ზელენსკის თქმით, "რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების ახალი გეგმა მსოფლიო ლიდერების მაგიდებზე დაიდება".
"ჩვენ წარვადგინეთ სფეროები, რომლებზეც ზეწოლა შეიძლება, კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რომ უზრუნველვყოთ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი სტაბილურობა. ყველა დესტრუქციული რუსული აქტორის, ყველა მათგანის ვინც ომისთვის მუშაობს, გლობალური ურთიერთობებიდან სრული ჩამოშორებით. ეს დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა წამყვანი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორისთვის, ბირთვული ინდუსტრიის და ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ეხმარება, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ერმაკ-მაკფოლის ჯგუფი უკრაინის რუსეთის შეჭრიდან მალევე შეიქმნა და მისი მიზანი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეთავაზებაა.
თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კომპანია "მეტროვაგონმაშისგან" 50 მილიონი ევროს ღირებულების ვაგონების შეძენას 2022 წლის მარტის შემდეგ შემოდგომაზე კვლავ გეგმავდა. ფორმულამ 2022 წლის ნოემბერში ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელსაც კალაძე ხელს ოქტომბრის ბოლოს აწერს.
კერძოდ, რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ერთხელ უკვე შეაჩერა. 2022 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ამ კომპანიისგან რუსულ ვაგონებს ყიდულობდა, თუმცა EBRD-მ შეაჩერა გადარიცხვა.
ირკვევა, რომ რუსული კომპანია "მეტროვაგონმაში" უკრაინის მიერ უკვე სანქცირებულია.
რუსულ ვაგონმშენებელ კომპანიასთან თანამშრომლობა ხმაურის მიზეზი ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გახდა, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად გაირკვა, რომ თბილისი რუსული კომპანიისგან 50 მილიონი ევროს ღირებულების ვაგონებს შეიძენდა.
კომპანია "მეტროვაგონმაშის" შესახებ საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ის სამხედრო დანიშნულების საველე ვაგონებს და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ვაგონებსაც ამზადებს.