დაღუპული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ქმრის საქმეს და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძლებს. იულია ნავალნაია მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
იულია ნავალნაიას თქმით, იციან, რატომ მოკლა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მალე გაავრცელებენ. ამასთან, მან დასძინა, რომ დაასახელებენ გვარებს, კონკრეტულად ვინ მიიღო მონაწილეობა დანაშაულში.
მან ალექსეი ნავალნის სიტყვები გაიხსენა - "არ არის სირცხვილი, გააკეთო ცოტა, სირცხვილია, არაფრის გაკეთება" და მოუწოდა მხარდამჭერებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და იბრძოლონ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.
"დღეს პირველად, ამ არხის მეშვეობით მე უნდა მოგმართოთ თქვენ. მე არ უნდა ვიყო ამ ადგილას, მე არ უნდა ვწერდე ამ ვიდეოს, ჩემს ადგილას უნდა იყოს სხვა ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინმა მოკლა. 3 დღის წინ ვლადიმერ პუტინმა მოკლა ჩემი მეუღლე, ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა. პუტინმა წამართვა ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნდა, ყველაზე ახლო და საყვარელი ადამიანი. [...] პუტინმა მოკლა არა უბრალოდ ადამიანი ალექსეი ნავალნი, მან მასთან ერთად მოინდომა ჩვენი იმედის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მომავლის მოკვლა, განადგურება.
ალექსეი დაიღუპა კოლონიაში 3-წლიანი ტანჯვის და წამების შემდეგ. ის არ იჯდა ციხეში ისე, როგორც სხვები, მას აწამებდნენ, ამყოფებდნენ კარცერში, ბეტონის კოლოფში. [...] მას დასცინოდნენ, არ აძლევდნენ კალამს და ფურცელს, რომ დაეწერა ჩემთვის ან ჩვენი შვილებისთვის წერილი, აშიმშილებდნენ 3 წლის განმავლობაში, ის კი არათუ არ ნებდებოდა, პირიქით, სულ მხარს გვიჭერდა ჩვენ, გვამხნევებდა, ხუმრობდა, ერთი წამითაც კი არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რისთვისაც იბრძოდა და რის გამოც განიცდიდა. ჩემი მეუღლე არ გატყდა და სწორედ ამიტომ, პუტინმა ის მოკლა. [...]
ჩვენ ვიცით, კონკრეტულად რატომ მოკლა პუტინმა ალექსეი 3 დღის წინ. მალე მოგიყვებით ამის შესახებ. აუცილებლად გავიგებთ იმასაც, ვინ და კონკრეტულად როგორ ჩაიდინა კონკრეტულად ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ გვარებს და გაჩვენებთ სახეებს, მაგრამ მთავარი, რაც შეიძლება გავაკეთოთ ალექსეისთვის და საკუთარი თავებისთვის არის ის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. გავაგრძელოთ ბრძოლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე. ვიცი, ჩანს, რომ მეტი თითქოს შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა მეტი.
უნდა შევიკრათ ერთ მუშტად და უნდა დავარტყათ მათ ამ შეშლილ რეჟიმს, პუტინს, მის მეგობრებს, ქურდებსა და მკვლელებს, რომლებმაც გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა. ვიცი, ვგრძნობ, რომ ორად გხლეჩთ კითხვა - რატომ დაბრუნდა ის, რატომ ჩაუვარდა ნებაყოფლობით ხელში მათ, ვინც ის უკვე ერთხელ მოკლა. რა საჭირო იყო ასეთი თავგანწირვა, ხომ შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, საკუთარი თავით და ოჯახით ყოფილიყო დაკავებულიყო, ხომ შეეძლო, არ გამოსულიყო, არ ებრძოლა. მაგრამ მას არ შეეძლო. ალექსეის სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა რუსეთი, უყვარდა ჩვენი ქვეყანა, მას სჯეროდა თქვენი, სჯეროდა ჩვენი მომავლის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ უკეთესს.
სიტყვებით კი არა, საქმით სჯეროდა. იმდენად ღრმად და წრფელად, რომ მზად იყო, ამისათვის სიცოცხლე დაეთმო. მისი უზარმაზარი სიყვარული გვეყოფა, რომ განვაგრძოთ მისი საქმე, იმდენ ხანს, რამდენიც დაგვჭირდება, ისევე მამაცურად, როგორც ამას ალექსეი აკეთებდა. ყველა ფიქრობს ახლა, სად იპოვონ ძალა, როგორ გაგრძელდეს შემდეგ, აი, სად მოვიპოვებთ ძალას - მის მეხსიერებაში, მის იდეებში, მის ფიქრებში, მის რწმენაში ჩვენს მიმართ. მე ჩემს ძალებს ამაში ვიპოვი.
ალექსეის მოკვლით პუტინმა მოკლა ჩემი ნახევარი, ჩემი გულის და სულის ნახევარი, მაგრამ ჩემთან დარჩა მეორე ნახევარი და ის მკარნახობს, რომ არ მაქვს დანებების უფლება. მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს, გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და მოგიწოდებთ, რომ დადგეთ ჩემს გვერდით. გთხოვთ, გაიყოთ ჩემთან ერთად სიბრაზე, სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. მე მოგმართავთ თქვენ ალექსეის სიტყვებით - არ არის სირცხვილი, გააკეთო ცოტა, სირცხვილია, არაფრის გაკეთება. სირცხვილია, მივცეთ უფლება, რომ დაგვაშინონ.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ თავებს დავუბრუნოთ.
რუსეთი - თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი მომავლის რუსეთი, რომელზეც ასე ოცნებობდა ჩემი მეუღლე. მე მინდა ვიცხოვრო ასეთ რუსეთში, მე მინდა, რომ აქ იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. მინდა, რომ თქვენთან ერთად ავაშენო ისეთი რუსეთი, როგორიც ალექსეის წარმოედგინა. მხოლოდ ასე და არა სხვანაირად, ის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო, შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი. იბრძოლეთ და არ დანებდეთ, მე არ მეშინია და თქვენც არაფრის გეშინოდეთ", - განაცხადა იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში.
***
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.