ნავალნის ცოლი: პერსონალურად პუტინმა უნდა აგოს პასუხი დანაშაულებზე, რასაც სჩადის

ნავალნის ცოლი: პერსონალურად პუტინმა უნდა აგოს პასუხი დანაშაულებზე, რასაც სჩადის

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ინფორმაცია ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ რუსული ოფიციალური წყაროებიდანაა ცნობილი, რისი ნდობაც, მისი თქმით, ძალიან რთულია.

"მაგრამ თუ ეს სიმართლე, მე მინდა, რომ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე დადგება ძალიან მალე.

მე მინდა მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას - ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ ბოროტებაზე, ამ საშინელ რეჟიმზე, რომელიც ახლაა რუსეთში. ამ რეჟიმმა და ვლადიმერ პუტინმა პერსონალურად პასუხი უნდა აგონ დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიან ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში, ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ნავალნის ცოლმა.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.