The Insider-მა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასობით ოფიციალური დოკუმენტი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ პოლიტიკოსი ციხეში ყოფნისას მოწამლეს.
The Insider-ი წერს, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დამალა ნავალნის სიმპტომები, რომლებიც ოფიციალურ ვერსიასთან თანხვედრაში ვერ იქნებოდა.
გარდა ამისა, The Insider-ს ხელში ჩაუვარდა ორი დადგენილება, რომელიც სხვადასხვა რიცხვით თარიღდება:
პირველი დადგენილების თანახმად, (16.02.2024) ნავალნი გახდა შეუძლოთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მალე შეიცვალა, ის დაწვა იატაკზე, ამბობდა, რომ მუცლის ტკივილი აქვს, დაეწყო პირღებინება, კრუნჩხვები და ბოლოს გონება დაკარგა - ეს ინფორმაცია სამედიცინო პერსონალს გადასცეს და იუსტიციის მაიორის მიერ იყო ხელმოწერილი. თუმცა მოგვიანებით, მომზადდა მეორე დადგენილება, რომელიც ოფიციალურ ვერსიაში ჩაიდო.
მეორე დადგენილების მიხედვით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი აღარ სახელდებოდა.
პირველი დადგენილება ადასტურებს პოლიტიკოსის ცოლის, იულია ნავალნაიას განცხადებას, რომელიც ამბობდა, რომ "გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ალექსეი მუცლის ღრუში საშინელ ტკივილს უჩიოდა".
რეანიმატოლოგი ალექსანდრ პოლუპანა, რომელიც ნავალნის ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდა, მას შემდეგ რაც ის 2020 წელს ნოვიჩოკით მოწამლეს, ამბობს, რომ დოკუმენტში მოყვანილი სინდრომები პოლიტიკოსის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან თანხვედრაში ვერ მოდის.
"გარდაცვალების ოფიციალური ვერსია - გულის რითმის დარღვევაა. სიმპტომები, რომელიც ნავალნის ჰქონდა ამ ვერსიას ვერ ებმის. უეცარი ტკივილი მუცლის ღრუში, პირღებინება და კრუნჩხვები - მოწამვლის სიმპტომებია. დიდი ალბათობით ის იმავე ნივთიერებით მოწამლეს, რომელსაც ნოვიჩოკი შეიცავს, თუმცა ის გამოიყენეს არა გარეგანი მეთოდით [როგორც ეს ზოგადად ნოვიჩოკის შემთხვევაში ხდება]", - თქვა ექიმმა.
The Insider-ი წერს, რომ საკითხთან დაკავშირებით სხვა ექიმებსაც ესაუბრნენ და ისინიც პოლეპანის აზრს იზიარებენ.
The Insider-ი აღნიშნავს, რომ ნავალნის მოწამვლაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში არ ატანდნენ, ასევე არ მისცეს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება.
***
16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა. ნავალნი 47 წლის იყო.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახს ცხედარი მხოლოდ 9 დღის შემდეგ გადასცეს.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.