ევროსაბჭოს დასკვნა "ოცნების" ე.წ. FARA-ს კანონზე: მიზანშეწონილია გაუქმდეს კანონი

ევროსაბჭოს დასკვნა "ოცნების" ე.წ. FARA-ს კანონზე: მიზანშეწონილია გაუქმდეს კანონი

ექსპერტთა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის შესახებ, ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ექსპერტთა ორგანომ, "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვყენა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა კანონის ზოგიერთ დებულებას ლეგიტიმური მიზნები ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონით მიღებული ზოგიერთი ზომის არსებობის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს.

უფრო კონკრეტულად, დასკვნაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარეა გამოყოფილი.

ხაზგასმულია, რომ კანონში გათვალისწინებული ზომები ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს შეკრების თავისუფლების უფლებაზე და სხვა გარანტირებულ უფლებებზე.

ამასთანავე, ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ექსპერტთა ორგანო წერს, რომ კანონის მრავალი დებულება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილი მოთხოვნას ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების შესახებ.

მათი თქმით, კანონის დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ უცხოური დაფინანსება ევროპულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისი მიზნების მისაღწევად, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გადაჭარბებული ვალდებულებების, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შეუზღუდავი ფარგლების, ჩანაწერების წარმოების მძიმე მოთხოვნებისა და დაწესებული ჯარიმების გადაჭარბებული ხასიათის გამო, კანონით გათვალისწინებული ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად.

"ამ გარემოებებში, კანონის აღსრულება გამოიწვევს სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რაც არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ამ წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ფართო სპექტრს და, ამგვარად, იქნება სრულიად შეუფერებელი", - წერია დასკვნაში.

დასკვნის ბოლოს კი ხაზგასმულია, რომ მიზანშეწონილია გაუქმდეს კანონი და არ მოხდეს მისი დებულებების აღსრულებისკენ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა.