კაცია: საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემ ჯიბეში, საერთოდ საიდან მოვიდა? ეს ცილისწამებაა

კაცია: საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემ ჯიბეში, საერთოდ საიდან მოვიდა? ეს ცილისწამებაა

"ქართული ოცნების" პოლიციის მიერ დაკავებულმა ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნარკოტიკი არ ჰქონია და მას ცილს სწამებენ.

"ამ საქმეში არის ერთი სიმართლე. მთავარი კითხვა არის საიდან მოვიდა ნარკოტიკი. არათუ ჩემ ჯიბეში, საერთოდ საიდან მოვიდა ნარკოტიკი...

დრამატურგიას აქვს თავისი ჩარჩოები. როცა ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას ვისმენდი, რეალურად, სიტყვა "ბოდვა" თუ არ გამოვიყენო რა გამოვიყენო?! ისე ჩანდა, აი პატარა ბავშვებს რომ უნდათ კანფეტი და მორჩა, აი ეგრე უნდათ განაჩენი და მორჩა.

რადგან ტატუები მაქვს, კლუბი მიყვარს, მუსიკა მიყვარს, მოდი ამას ნარკოტიკებიც "შევტენოთ", ესე ამარჩიეს...

ის სტრესი, შიში, დამცირება, ხომ მე მაქვს გავლილი, აღარ ვსაუბრობ, მათ ეს ვინ დაავალა, ვინ გააკეთებინა.... ეს არის ცილისწამება, კანფეტის ქონაც რომ დაებრალებინათ, ეს არის ცილისწამება, დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონია...

ეს არ არის მედლის ორი მხარე, ეს არის ერთადერთი სიმართლე. მე არ ვიცი პროკურორი რატომ აწერს ამას ხელს და რატომ აკეთებს", - განაცხადა ნიკა კაციამ.

მის საქმეზე განაჩენს სასამართლო 3 სექტემბერს მიიღებს.

2024 წლის 7 დეკემბერს ნიკა კაცია დააკავეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.