ლელო- საქართველოსთვის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს "რამდენიმე ოპოზიციონერი ქართულ ოცნებას გაურიგდა" და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.
"ჩვენ ვთავაზობდით მათ [ქართულ ოცნებას] ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, ქართულმა ოცნებამ ეს არ მოისურვა, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა, დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა მალულად, ფარულად გაურიგდა ქართულ ოცნებას, რომ იუსტიციის საბჭოში კლანის მფარველობისთვის შეეყვანათ ადამიანები და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი იყოს დაცული სასამართლო სისტემაში."- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო იმაზე, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი "გაიყიდა" და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.
კენჭისყრა ფარული იყო და ამის გამო ვინაობა ცნობილი ვერ გახდება.