
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე მიმართეს, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რის გამოც მათი საარჩევნო ნომრები "წილისყრაში იქნება გათამაშებული."
კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ადგილბრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 17-მა პარტიამ შეიტანა. აქედან 5 სუბიექტს, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდნენ, მიენიჭათ ის ნომრები, რომლებსაც ამ არჩევნებში იყენებდნენ.
"ხუთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლებმაც ვადებში მოგვმართეს, პირდაპირ მიეკუთვნებათ ის რიგითი ნომრები, რომლითაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. 12 სუბიექტის შემთხვევაში განხორციელდება წილის ყრა, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს პირველიდან, 12 თავისუფალი ნომერი.
ორმა სუბიექტმა ["კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ენმ"], რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 და 5 წილისყრაში იქნება გათამაშებული",- განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცნობილია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ნომერი 4-ით მონაწილეობას პარტია "ქართველი ერთობა", ხოლო 5-ით "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" მიიღებს.
მან ასევე განაცხადა, რომ 17 პარტიიდან რეგისტრირებულია 14, ხოლო 3 სუბიექტთან დაკავშირებით საკითხი განხილვის პროცესშია.