ნაციონალური მოძრაობა თბილისის ორგანიზაციების წევრებმა დატოვეს. დღეს მათი ნაწილი პირველ სკოლასთან შეიკრიბა და გადაწყვეტილების შესახებ ერთიანი განცხადება გააკეთა.
მათი თქმით, პარტია უკვე დატოვა თბილისის 15 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და 300-მდე წევრმა. წასულებს შორისაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ანა გოგოლაძეც.
"სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. დღეს წარმოდგენილი ადამიანები მცირე ნაწილია, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. სამწუხაროდ, გვიწევს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა, ალბათ, ამ ეტაპისთვის აუცილებელი", - აღნიშნეს შეკრებილებმა.
გასული დღეების განმავლობაში ენმ დატოვეს მუნიციპალიტეტებსა და რაიონულ ორგანიზაციებში ნაციონლური მოძრაობის წევრებმა. ზუგდიდის საკრებულოში ენმ 14-მა ადამიანმა დატოვა - მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა ჭიათურის საკრებულოს 5-მა დეპუტატმა.
ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.