ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 36,4801 გრ. ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინს" და 145,807 გრ. "მდმა"-ს, საიდანაც 0,6245 გრ. "მეტამფეტამინი" და 1,9208 გრ. "მდმა" მოქალაქეზე გაასაღა.
"ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 143,8862 გრ. "მდმა"და 35,8556 გრ. "მეტამფეტამინი", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა) და მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის "ა’" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.