მზია ამაღლობელის სასამართლო 31 მარტისთვის გადაიდო

მზია ამაღლობელის სასამართლო 31 მარტისთვის გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა გადაიდო.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომელმაც საქმისთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა.

როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილი განმარტავს, წარმოდგენილი მტკიცებულებები მოცულობითია, რის გამოც მათი შესწავლა დამატებით დროს საჭიროებს როგორც ბრალდებისთვის, ისე სასამართლოსთვის.

მისივე თქმით, მომდევნო სხდომა ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის განხილვით დაიწყება.

შემდეგი სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.