მზია ამაღლობელის საქმიდან ამორიცხული მტკიცებულებების ნაწილი სააპელაციომ დასაშვებად ცნო

მზია ამაღლობელის საქმიდან ამორიცხული მტკიცებულებების ნაწილი სააპელაციომ დასაშვებად ცნო

გამოცემა ნეტგაზეთის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეში იმ მტკიცებულებების ნაწილი დასაშვებად ცნო, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამორიცხა. კერძოდ, საქმე ეხება ვიდეო-მტკიცებულებებს, რამდენიმე წერილობით დოკუმენტსა და ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმს.

მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო, მოიცავს ინტერნეტში საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოებს, რომლებზეც მზია ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების დროსა და დაკავების შემდეგ განვითარებული მოვლენებია ასახული.

4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო პროცესზე პროკურატურამ საქმესთან ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა შეუსაბამობის საბაბით მოითხოვა.

მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა თქვა, რომ კომპიუტერულ მოწყობილობებში არსებული ინფორმაციის მოპოვებას მოსამართლის განჩინება სჭირდებოდა. მისივე მტკიცებით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაცვის მხარისგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სხდომაზე განჩინების გარეშე იყო წარდგენილი.

მოსამართლის თქმით, აღნიშნული ვიდეოები დათვალიერების ოქმის საფუძველზე საქმეს დაამაგრეს და ისინი უკანონოა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ოქროპირაშვილმა ვიქტორ მეტრეველის გადაწყვეტილება შეცვალა და ვიდეო-მტკიცებულებები საქმეში დააბრუნა.